გივი თარგამაძის განცხადება და ოპოზიციის გეგმები

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში ხელისუფლების შეცვლის გეგმა ოპოზიციის დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურდება.

მაშინ, როცა ქვეყანა წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს საბოლოო სიტყვას ელის, ოპონენტები საპროტესტო მუხტის გაზრდის და ხელისუფლების ცვლილების გზებზე მსჯელობენ. სხვადასხვა ოპოზიციონერი ლიდერის მიერ შეთავაზებული სტრატეგიის შემდეგ ამჯერად ყურადღების ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის განცხადება ექცევა. გივი თარგამაძე პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის გზებზე საუბრობს და გამოსავალს არა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მატრაკვეცულ აქციებში, არამედ მარტის მსგავს მძლავრ პროტესტში ხედავს და ამ კონტექსტში ძალადობრივ გზებსაც დასაშვებად მიიჩნევს. ძალადობრივი ქმედებების გასამართლებლად კი ევროპის ქვეყნებს და იქ გამართული აქციების მაგალითებს იშველიებს და საჭიროების შემთხვევაში ნახევარი ქალაქის გადაწვაშიც პრობლემას ვერ ხედავს.

ცალკეული პარტიებისგან გასხვავებით, ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის გზავნილები ნაწილობრივ მისაღებია.