შოთა ჭიჭიაშვილი – გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში დღეს უკრაინაში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის სახით კიდევ ერთი ფიგურანტი გაჩნდა.
გამოძიება რვაწლიანი ძებნის შემდეგ დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალებს ასაჯაროებს. თუ პროკურატურის ინფორმაციას დავეყრდნობით, თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ხეჩუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძის თვალთვალის და კონტროლის დავალება 2016 წელს სწორედ შოთა ჭიჭიაშვილისგან მიიღო. ამავე ჩვენების მიხედვით, თავის მხრივ ჭიჭიაშვილს შესაბამისი დავალება თარგამაძისადმი უნდობლობის მოტივით ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისცა. ნახსენებია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძეც. ინტერპოლით ძებნილი ხეჩუაშვილი სამი კვირის წინ იმ დროს დააკავეს, როცა ის თურქეთიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა. ჭიჭიაშვილის ლიკვიდაცია ხუთი წლის წინ უკრაინაში მისი დაკავების სპეცოპერაციის დროს მოხდა. თარგამაძე, რომელიც 2016 წელს მომხდარი აფეთქების დროს სიკვდილს გადაურჩა, პროკურატურის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მასზე მომხდარი თავდასხმის დამკვეთად ხელისუფლებას აცხადებს.