გიული ალასანიას განცხადება - გამოხმაურება

გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დაიქირავა. „იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ კომპანიის მოვალეობა, სავარაუდოდ, ინფორმაციის გავრცელებაც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გადაყვანას.

კომპანიის დაქირავების შესახებ სააკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებას მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ კომპანიის დაქირავება ადასტურებს იმას, რომ მათთვის მთავარი არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ პიარი და ქვეყნისთვის მავნებლური შედეგის მიღწევაა.