„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება. საუბარია მდინარაძის იმ განცხადებაზე, რომლითაც მან გაერთიანების ერთ-ერთი ბანერი გააკრიტიკა, სადაც მის ოპონენტებს მომავალი და წარსული ისრებით ჰქონდათ აღწერილი. მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ისრების გათვალისწინებით მოქალაქეების წარსულში დაბრუნებას აპირებს. გარდა ამისა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ნეგატიურ და სიძულვილის ენის შემცველ კამპანიას, რომლის ასახვასაც დამკვირვებლებს ანგარიშებში სთხოვს. გიორგი ვაშაძე კი მის საპასუხოდ ამბობს, რომ მათი ბანერები საზოგადოებას კეთილდღეობას სთავაზობს და მას ამომრჩეველი კიდევ ბევრჯერ ნახავს.