გიორგი ვაშაძის ბოლო ხმაურიანი განცხადება მწვავე პოლიტიკური რეაქციების მიზეზი ხდება.
განმარტების გაკეთება დასჭირდა აშშ-ის ელჩსაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. საქმე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის იმ გამოსვლას, სადაც მან ხელისუფლება ამერიკის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტზე, მათ შორის ლენდლიზის პროგრამაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. ეს პროგრამა აშშ-ს ორჯერ და ისიც საომარ ვითარებაში მყოფი პარტნიორებისთვის აქვს გამოყენებული. ვაშაძე მხოლოდ თავდაცვის პროგრამაზე საუბრით არ შემოფარგლულა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ოპოზიციონერი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ხელისუფლებაში მყოფ კიდევ 15 ადამიანს რუსეთის აგენტად მოიხსენიებს.