გიორგი ვაშაძემ და ხატია დეკანოიძემ ეკონომიკის მინისტრს წერილობით მიმართეს

გიორგი ვაშაძემ და ხატია დეკანოიძემ ეკონომიკის მინისტრს წერილობით მიმართეს.

პოლიტიკოსები დმანისში, აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას ითხოვენ. მონაცემების მიღება მათ RMG გოლდის საქმიანობაზე და ტერიტორიის დაბინძურებაზეც სურს. პოლიტიკოსებმა წერილი სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს გადასცეს. მანამდე კი უწყებაში წერილს არ იბარებდნენ და აცხადებდნენ, რომ სამინისტროს კანცელარია და მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან იუსტიციის სახლში გადავიდნენ.

„დმანისის გადარჩენის ფონდში” არ გამორიცხავენ, რომ მიწის ნაკვეთის საფასურის შეგროვება დაიწყონ. გიორგი ვაშაძის თქმით, მას ამ თემაზე არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა.

დმანისის რაიონში მიწის ნაკვეთზე აუქციონი გუშინ გაიმართა. გამარჯვებული „დმანისის გადარჩენის ფონდი“ გახდა. ფასმა კი ხუთ მილიონ ლარს გადააჭარბა.