თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დაცვისა და ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. სხდომის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე აპირებს პროკურატურას საპროცესო გარიგების მოთხოვნით მიმართოს, გაუფორმებს თუ არა საგამოძიებო უწყება ბრალდებულს საპროცესო გარიგებას, ჯერჯერობით უცნობია. სასამართლო პროცესები შაქარაშვილის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება. შაქარაშვილის საქმეზე სულ 11 სრულწლოვანი პირია დაკავებული. ნაწილს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამმა პირმა – არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს. მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.