„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიამ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები პარიზში შეკრიბა. მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების და ვალენსიის მეკარე გიორგი მამარდაშვილი. 24 წლის გოლკიპერი ისტორიაში პირველი ქართველია, ვინც ლევ იაშინის სახელობის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი. რამდენიმე საერთაშორისო სპორტული გამოცემის მიერ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარებული გიორგი მამარდაშვილი, „იაშინი ტროფიზე“ ისეთ მეკარეებს შორის მოხვდა, როგორებიც არიან დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, ემილიანო მარტინესი და სხვები. მამარდაშვილი ფინალურ ხუთეულში ვერ გავიდა, თუმცა საპატიო მეშვიდე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მთავარ ჯილდოს, „ოქროს ბურთს“, მისი მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გახდა. 21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად კი ლამინ იამალი დასახელდა.