გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს ეხმაურება
არჩილ ტატუნაშვილს უახლოეს პერიოდში დაკრძალავენ. ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა.
საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი. ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ; მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი.
უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს,- ნათქვამია განცხადებაში.