გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა“) თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.

გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

მსახიობი ბრალს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა და საპროცესო გარიგებაზეც უარი განაცხადა.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ 45 აბი ე.წ. სუბუტექსი გიორგანაშვილს სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ის 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისთვის წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლი 8-დან 20-წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.