პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადებები მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ერთი ნაწილი, გიორგი გახარიას იმ საქმეების გამო აკრიტიკებს, რომელიც მისი მმართველ გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის პერიოდში მოხდა. მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით გიორგი გახარიას განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლის აუცილებლობაზე საუბრობდა. ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მისი თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორები იყვნენ. ასევე, სოციალური ქსელით ეხმაურება გახარიას განცხადებებს გიორგი ვაშაძე და მას ღია დებატებში იწვევს. მმართველ გუნდში კი, აქცენტს ყოფილი პრემიერის იმ სიტყვებზე აკეთებენ, სადაც კორუფციასა და ნეპოტიზმზეა ხაზგასმა.
საპასუხოდ, გიორგი გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ მათ პარტიებისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვთ და ანგარიშვალდებული მხოლოდ საზოგადოების წინაშე არიან.
მოამბე