დღეიდან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 90-ის ნაცვლად, 84 დეპუტატი ჰყავს.
პარტია და ფრაქცია ექვსმა ადამიანმა დატოვა: გიორგი გახარიასთან წავიდნენ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე და ანა ბუჩუკური. სწორედ მათ გაახმოვანეს მელიას საქმის გამო გადამდგარი ყოფილი პრემიერის მომავალი პოლიტიკური გეგმები. ირკვევა, რომ გახარიას პარტიის შექმნის პროცესი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის ყოფილი მეთაურის გუნდი მოახლოებულ თვითმმართველობის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს, რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას კი გამორიცხავს. ახლა საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა „ქართული ოცნებიდან“ გადინების პროცესი, რაზეც წასულების მხრიდან უკვე გაკეთდა მინიშნებები. პარტიისგან გამიჯვნის მიზეზებს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა მმართველი გუნდიდან, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვას გამორიცხავს.