პრემიერმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას უსაფრთხო სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს.
მთავრობის მეთაური სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და უწყების თანამშრომლებმა პრემიერს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებაც. მათ შორისაა ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შეტანილი ცვლილებები, რაც სკოლას მეტ ავტონომიასა და საგაკვეთილო ბადის საკუთარ რეალობაზე მორგების საშუალებას აძლევს.