პოლიტიკური სპექტრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაიწყო დღევანდელი დღე. თითქმის წელიწადნახევრიანი მმართველობის შემდეგ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. გადაწყვეტილების მიზეზი ნიკა მელიას საქმე გახდა. როგორც მისი განმარტებებიდან ირკვევა, გახარიას და „ქართული ოცნების“ გზები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე მიღებული გუშინდელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხმა გაყო. დღევანდელ გამოსვლაში ექს-პრემიერმა ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტზე შტურმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიხსენია, თუმცა განმარტა მიზეზები, რის გამოც თუნდაც კანონიერი ღონისძიების ახლა აღსრულება მისთვის მიუღებელი იყო. საკუთარი პოზიცია მოგვიანებით გახარიამ „ტვიტერზეც“ განმარტა, თუმცა მისი არგუმენტები, ისევე როგორც დღევანდელი გადაწყვეტილება, გაუგებარია მმართველი პარტიისთვის.
გადამდგარ პრემიერ-მინისტრს დღევანდელი ნაბიჯი მოუწონა ოპოზიციამ. ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებიც წლების განმავლობაში გიორგი გახარიას მწვავედ აკრიტიკებდნენ, მისი მისამართით უკვე დღეს რიტორიკა მკვეთრად შეცვალეს.