შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებები მოინახულა და თანამშრომლებთან ერთად სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე, ასევე გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური ახალი ბალისტიკური სკანერით, დოკუმენტებისა და ხელნაწერების ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სპეციალური მიკროსკოპით აღიჭურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები პირველ მოადგილესთან და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გამართა.