გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს

გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ხუთივე დაკავებულის შემთხვევაში, მოსამართლემ პროკურატურის  მოთხოვნა გაიზიარა და ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დღესვე, საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი. პროკურორის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. ასევე, არ არის გამორიცხული თანამზრახველთა გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდეს თავს. მათ დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

პროკურატურა რამდენიმე პირს ეძებს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი ქალია, რომელიც საქმეში ვერონიკა პაპინას ფსევდონიმით ფიგურირებს. სავარაუდოდ, სწორედ მან მიიყვანა 23 წლის ახალგაზრდა მუხიანში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში. ორი დღის შემდეგ კი ის წყალტუბოში გადაიყვანეს. მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს.