ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის საქმე

„კრწანისის სასწავლო ცენტრში“ ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე სულ რვა პირი არის დაზარალებულად ცნობილი. ბრალდების მხარის მთავარი არგუმენტი მოწმეთა შესაძლო მიმალვა, მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე ზეგავლენა იყო.

ბრალდებულების ადვოკატებმა მედიასთან სხდომის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს. გამოძიება ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს და ასევე, 386-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის ჯგუფურად დარღვევას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.