„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას მორიგ ბრალდებას უყენებს. გიორგი ბოტკოველის თქმით, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, წინასაარჩევნოდ საარჩევნო უბნებზე არიან განაწილებული და ხმების მობილიზებას ცდილობენ. მან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები კრიმინალებთან ალიანსში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველზე ზეწოლას, ოპოზიციის მხარდამჭერებისგან პირადობის მოწმობების გამორთმევას, უშუალოდ მათი ჩართულობით ახორციელებენ, თუმცა, ბოტკოველს ფაქტების დამადასტურებელი მასალა არ გაუსაჯაროებია, მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული პირების იდენტიფიცირებისგან თავს შეიკავებს.