დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, ის 40 წლის გახდებოდა. გიორგი ანწუხელიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული. გიორგი ანწუხელიძეს გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.