გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა   

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა. ანწუხელიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამებისა და დაკითხვის შემდეგ ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გიორგი ანწუხელიძე იყო.
2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული. გიორგი ანწუხელიძეს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.