არანაირი საფრთხე „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ავტორიზაციას არ შექმნია – ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თემაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ერთი წლის შემდგომ, ავტორიზაციის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის განმეორებითი მონიტორინგი საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა და ამ საკითხის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია სრული სპეკულაციაა. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, არც სამინისტრო და არც მთავრობა ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებაში არ ერევა.
შეგახსენებთ, რომ „ილიაუნის“ ექვსწლიანი ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიენიჭა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ავტორიზაციის საბჭომ, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე, შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა თავდაპირველი უმაღლესი შეფასებები. საგანმანათლებლო დაწესებულება გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ეთანხმება და მის სააპელაციო კომისიაში გასაჩივრებას გეგმავს.