სამი წლის შემდეგ გიგი უგულავა ისევ ციხეში ბრუნდება.
სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ თბილისის განვითარების ფონდის რეზონანსული საქმის განხილვა დაასრულა. პირველი და მეორე ინსტანციისგან განსხვავებით, უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო. თბილისის ყოფილ მერს დედაქალაქის სხვადასხვა უბნის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წელს შექმნილი ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. თუმცა, ამავე საქმეზე არსებობს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება, სადაც უგულავა მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია დამნაშავედ ცნობილი, სასჯელი კი შთანთქმულია.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავებას ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად აფასებს და აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების ერთ-ერთი ავტორი ყოფილი მთავარი პროკურორია.