„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი და „ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყრის კენჭს.
გიგი უგულავა ფოთში მისი ყოფილი პარტიის მერობის კანდიდატი იქნება. ამ ოლქში პოლიტიკური ძალა თინა ბოკუჩავას წარდგენას აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეიცვალა. პარტია შიდა უთანხმოებას უარყოფს და ფაქტს რამდენიმე კანდიდატის გარშემო მიმდინარე დისკუსიით ხსნის, თავად ბოკუჩავა კამერების წინ უგულავას მხარდაჭერას უცხადებს. საინტერესოა, რამდენად მოხერხდება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გარშემო ოპოზიციაში კოორდინაცია. ოპოზიციური პარტიები საკუთარი პოზიციის გამჟღავნებისგან ჯერ თავს იკავებენ. ყველაზე საინტერესო „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იქნება, რომლის მხარდამჭერთა ნაწილში უგულავას კანდიდატურას ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.