ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მიმდინარე ღუდუშაურების (სნოს) ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოები ტერიტორიის გაწმენდას მიწისა და ბუნებრივი საფრისგან, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამონგრეული კედლის აღდგენას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დაზიანებული გალავნის ფრაგმენტის გამაგრებით სამუშაოებს ითვალისწინებდა. არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით გადაეწყო გალავნის ზედაპირზე არსებული მორყეული ქვების წყობა და კედლის წყობებს შორის ნაკერები ამოიგოზა; განახლდა ციხის გარე განათების სისტემა; გაკეთდა ციხის ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კიბე და საფეხმავლო ბილიკები.