წალენჯიხაში გამართული დემოკრატიის ფესტივალი პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის აღმასრულებელ დირექტორად, ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე ლევან ცუცქირიძეა მითითებული. ის ამჟამად პარტია „ლელოს“ ერთიანობის წევრია.
ფესტივალში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წევრები მონაწილეობდნენ. მხარდამჭერი კი „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ იყო. დღევანდელი ღონისძიება უმრავლესობისთვის, წინასაარჩევნოდ, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ერთობლივი კამპანიის დასტურია. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღება ყველა პოლიტიკურ ძალას შეუძლია.