ნატო-ს წევრი ოთხი ქვეყნის სამხედროები საქართველოში არიან. „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, ქვეყანა უკვე მეხუთედ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ 7 სექტემბრიდან აიღებს სტარტს და მასში 2 700-მდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკის გარდა, გამოყენებული იქნება აშშ-ის საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკაც. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე წვრთნები ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული სპეციალური რეგულაციების დაცვით უნდა ჩატარდეს.
თავდაცვით ოპერაციებზე ორიენტირებული წვრთნების დაწყებამდე, დღეს საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელსაც „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც ადევნებდა თვალს.