ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა, ღაზის სექტორის საზღვართან, ოთხი პალესტინელი მოკლეს. ისრაელის არმიის წარმომადგენლების ცნობით, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე, შეიარაღებული პალესტინელები ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს, ჯარისკაცებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს.
ბოლო პერიოდში, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება ისევ დაიძაბა. გასულ კვირაში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტს პალესტინელი დაესხა თავს და ძმის გარდაცვალების გამო შურისძიებას გეგმავდა.
პალესტინელი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ამის შემდეგ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის 19 წლის ჯარისკაცი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.