ანგელა მერკელის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტებზე გერმანული პრესა წერს და პოლიტიკურის გარდა, ყურადღებას ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებს.
„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის”სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა გამოირჩევა მოდერნიზებით და ქვეყანაში ფიქსირდება საიმედო, ჩარჩო პირობებზე დამყარებული წლიური 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ამასთან, მასალაში ასევე ნათქვამია, რომ მერკელი საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების შედეგებით დაინტერესდება და „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს“ ეწვევა, რომელიც საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონს, „სამხრეთ ოსეთს“, შორის გადის.
სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთი აფხაზეთის მსგავსად, „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობასაც აღიარებს, საქართველო კი მას კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს. კავკასიის სახელმწიფოებში მერკელის ვიზიტს სტატიას უძღვნის „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“. მასალაში წერია, რომ საქართველო აბსოლუტურად ღიაა ევროპის მიმართ და უკვე გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ავტორი აღნიშნავს, რომ სწორედ მერკელმა შეაჩერა საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირება დასავლეთთან, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დაჟინებული სურვილის საპირისპიროდ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების წინააღმდეგ გამოვიდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კავკასიაში გერმანიის კანცლერის ვიზიტს მოსკოვიც ინტერესით მიადევნებს თვალს, მით უმეტეს, რომ მერკელი გარკვეული გზავნილების გაკეთებას გეგმავს.
საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ანგელა მერკელის ვიზიტის შესახებ სტატიას აქვეყნებს გამოცემა „ზაარბრიუკერ ცაიტუნგიც“. ავტორი წერს, რომ სამივე რესპუბლიკა ევროკავშირისკენ მიისწაფვის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში უკვე დაკავშირებულია მასთან.