გერმანელმა ვიცე ადმირალმა, კაი ახიმ შეინბახმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებებია. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გერმანელი ვიცე ადმირალი კაი ახიმ შეინბახი ამბობს, რომ „პუტინი იმსახურებს პატივისცემას“ და „უკრაინა ყირიმს ვერასდროს დაიბრუნებს“. ამ განცხადებიდან მალევე, გერმანიის მთავრობამ, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ თქვეს, რომ გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების ვიცე ადმირალის განცხადებას არ ეთანხმებიან. როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კაი ახიმ შეინბახის მიერ გაკეთებული კომენტარი არ გამოხატავს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. თავად შეინბახმა განმარტა, რომ სადაო განცხადება ინდოეთში ერთ-ერთ დისკუსიაზე გააკეთა და ის მის პერსონალურ შეხედულებებს გამოხატავდა. ვიცე-ადმირალმა ამ განცხადებებს „შეცდომა“ უწოდა.