გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში

10-წლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის კანცლერი საქართველოშია.

უსამართლობა – ასე უპასუხა ანგელა მერკელმა პირველი არხის მიერ ოკუპაციის თემაზე დასმულ შეკითხვას. ჩვენი ჟურნალისტი დაინტერესდა, მოხვდა თუ არა რამდენიმე დღის წინ მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი. თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერმა კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა. თქვა მხოლოდ ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მისი პოზიცია კარგად იცის.

პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გერმანიის კანცლერმა 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენებით დაიწყო, ოკუპირებულ რეგიონებზე და კონფლიქტის გადაჭრის გზებზე საუბრის დროს კი საქართველო და უკრაინა ერთ კონტექსტში ახსენა.

რაც შეეხება სხვა გზავნილებს: მერკელმა საქართველოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელოვანი პარტნიორი და უსაფრთხო ქვეყანა უწოდა.