ვიზიტის პირველ დღეს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანგელა მერკელს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. კანცლერმა გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა, გაიხსენა საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობაც. დაათვალიერეს გერმანელი არქიტექტორების საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ეროვნული არქივის მიერ მომზადებული მცირე ექსპოზიცია და კოკა იგნატოვის პანო, სახელწოდებით – “ფიროსმანის მონატრება”.
ოფიციალური ვახშამი მუსიკალურ ნაწილსაც მოიცავდა. მონაწილეობდნენ ანსამბლი „შვიდკაცა“, ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად, „სუხიშვილები“ და ნატო მეტონიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა ფუნიკულიორამდე ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა ქალმა საქართველოში ვიზიტისას მოულოდნელი საჩუქარიც მიიღო. კანცლერის სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადილის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს საჩუქრად გადასცა მე-17 საუკუნის ტილო, რომელიც დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკარგა.