რეაგირება გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ გადაღებულ მძიმე კადრებზე.
ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული ქართველების 24-კაციანი ჯგუფის არასათანადო სამუშაო პირობებს გერმანიის შრომის და სოციალურ საკითხთა სამინისტრო ეხმაურება.
„მოამბის“ მიერ გაგზავნილი კითხვების პასუხად უწყება პრობლემის მოგვარების პირობას დებს. ცოტა ხნის წინ გერმანელი დამსაქმებელი დაბრუნების თხოვნით თავად დაუკავშირდა საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელმაც უმძიმესი სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გამო ლეგალური დასაქმების ადგილი, ანუ მარწყვის ფერმა დატოვა და სხვა სამუშაოს ძებნა დაიწყო. გერმანიის შესაბამისი უწყების მხრიდან „მოამბისთვის“ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ პირობებით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეების ყველა საჩივრის შესწავლა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, დაწყებულია ანაზღაურების საკითხის და საცხოვრებელი გარემოს გამოსწორების პროცესი. პრობლემის ვერ მოგვარების შემთხვევაში, არც დამსაქმებლის შეცვლა გამოირიცხება.