გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ყოფილი მთავარი პროკურორი საზოგადოების წინაშე გენერალური პროკურორობის კანდიდატის სტატუსით გამოჩნდა.

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძეს მოუსმინა. გასაუბრების პროცესმა მწვავე კითხვების და საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. კითხვები ძირითადად იმ საქმეზე დაისვა, რის გამოც 2018 წლის მაისში ექს-მთავარ პროკურორს გადადგომა მოუხდა. ხორავას ქუჩის საქმეში გამოვლენილი ხარვეზების გარდა შოთაძეს სისხლის სამართლის სხვა გახმაურებული საქმეებიც შეახსენეს. მესამე სექტორის ნაწილი ოპოზიციასთან ერთად კონკურსს ფარსად აცხადებს და დარწმუნებულია, რომ 15 კანდიდატიდან საპროკურორი საბჭო პარლამენტს ასარჩევად სწორედ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს.