გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. საპროკურორო საბჭოს წევრები დღეს ორ კანდიდატს – ვიქტორ ახალბედაშვილსა და დავით ბარბაქაძეს მოუსმენენ. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატია დარეგისტრირებული. მსურველთა ნაწილს დოკუმენტები დაუხარვეზეს და განცხადებების თავიდან შეტანა სთხოვეს. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. საბოლოოდ, საბჭო შერჩეულ ერთ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს გენერალურ პროკურორს.