„გემო ფესტი“ სვანეთში

24-25 თებერვალს, სვანეთი უკვე მეორედ „გემო ფესტს“ უმასპინძლებს. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ორდღიანი კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები. „გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ. ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში, მონაწილეებს კერძების არჩევისას და მომზადებისას რეკომენდაციები გამოცდილმა შეფმზარეულებმა გაუწიეს. ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანება 22, 23, 25 და 26 თებერვალს ნატახტარი-მესტია, მესტია-ნატახტრის მიმართულებით, რეგულარულთან ერთად, დამატებით რეისებს შეასრულებს. კულინარიული ფესტივალის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდა.