გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას. ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი უკვე ჩავიდნენ.

სპეციალისტები მუშაობას დღეს შეუდგნენ და საქართველოში 31 მაისამდე დარჩებიან. ისინი შეაფასებენ ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები ახალი დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით. ადგილზე იმუშავებს UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 13 მაისიდან დაიწყო.