გელათის რეაბილიტაციისთვის დაწყებული ინსპექტირების სამუშაოები დასრულებულია, დღეს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას გამართავენ, მოგვიანებით კი ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. საპატრიარქოს ინფორმაციით, სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია, რომლის წევრებიც ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს. მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.
გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა. შეგროვებული მასალის საფუძველზე კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებები განისაზღვრება.