სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 30 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ მათი დოკუმენტები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე შესწორდა.
გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. კანონი საბუთებსა და მონაცემთა ბაზებში არსებული შეუსაბამო მონაცემების გასწორებისათვის შეღავათებს აწესებს.
ამნისტიის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა ბაზების და საარჩევნო სიის სრულყოფა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა დროს გაყალბებული მონაცემებით აიღეს საბუთები: პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი,დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.
ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს,საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე.
ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენეს კანონის ამოქმედებამდე; იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე; აგრეთვე, მათზე, ვინც გაყალბებული დოკუმენტებით ან მათი მონაცემებით ისარგებლა.
პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლებისაღკვეთას. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამნისტიით და ყოველგვარი სასჯელის ან ჯარიმის გარეშე შეასწორონ გაყალბებული მონაცემები.
იმისათვის, რომ პირმა ამნისტიით ისარგებლოს, მან განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის ფილიალებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
„ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ სამსახურს შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 40 10 10, ან ისარგებლონ ვებგვერდით: http://www.sda.gov.ge/“, – ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.