აქცია მარნეულში – სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო, მასწავლებლის გათავისუფლებას მოსწავლეების მშობლები აპროტესტებენ და მის აღდგენას ითხოვენ. შეკრებილების განცხადებით, დასჯის მეთოდი, რომელსაც პედაგოგმა მიმართა, მათთვის მისაღებია.
შეგახსენებთ, ქართული ენის მასწავლებელმა რაჰმან მუსაევმა მეოთხე კლასის მოსწავლეებს, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, აიძულა, მუხლებზე დამდგარიყვნენ. აღნიშნულის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მუსაევს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ფაქტი დაადასტურა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა.