საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს.
დღეს 15 კანდიდატს მოუსმინეს. მათ შორის არიან როგორც გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები. კანდიდატებს შორის არის მოსამართლე დავით კეკენაძე, რომელიც ნორა კვიციანის საქმეს განიხილავდა. ნორა კვიციანი, მას უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქმეში, მის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არსებობდა.
ცნობილია, რომ 2017 წლის თებერვალში, საქმის მეორედ განხილვის დროს, სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი უდანაშაულოდ ცნო. ის 2006 წლის 29 ივლისს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დააკავეს. გასაუბრების პროცესი გაიარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ირაკლი ბონდარენკომ. ის უვადო მოსამართლეა და თბილისიდან ქუთაისში ითხოვს გადანიშვნას.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს, რამდენიმე დღის განმავლობაში მოუსმენს. ამის შემდეგ დაიწყება კენჭისყრის პროცესი.