ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, საუბარია ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. გიორგი შარაბიძის განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ცესკო-ს თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზეწოლა განახორციელა და შეეცადა მედიის თანდასწრებით რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას. ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და ეზოში გაგრძელდა. ცესკო მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინციდენტი, რადგან ამ ტიპის პროვოკაციული ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს.