ცენტრალური საარჩევნო კომისია კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის და არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.
ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე წარადგინეს სატელეფონო გზავნილი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბესო ლაჩაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზვიად კუპრავასგან მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კუპრავა ლაჩაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი მხარდაჭერას ჰპირდება. როგორც ცესკო-ს პრეს-სპიკერი აცხადებს, ანალოგიური ტიპის შეტყობინებები მიიღო ცესკო-ს რამდენიმე თანამშრომელმაც, თუმცა ამ შემთხვევაში გამგზავნის ტელეფონის ნომერი არ არის იდენტიფიცირებული. ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ცესკო-ს პრეს-სპიკერის განცხადებით აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში – თითქოს გარდაცვლილი პირების სახელზე გაცემულია ამომრჩეველთა ბარათები.