18 იანვრიდან განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს დაიწყებს.
ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტრომ განათლების დაანონსებული რეფორმის განხილვის ფარგლებში 10 მოდული შეიმუშავა და საზოგადოებას რიგ-რიგობით წარუდგენს. პირველი პანელი პარასკევს გაიმართება, სადაც სამინისტრო სკოლამდელ და ზოგად განათლებაში დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ისაუბრებს და საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებს. მომდევნო დღეებში კი წარდგენილი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების, უსაფრთხო სკოლის, ტექნოლოგიებისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები.