ქუთაისში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებულ კითხვებს განათლების სამინისტრომ უპასუხა. სამინისტროში ადასტურებენ, რომ სპეციალური კომისიის მუშაობის ფარგლებში, მასწავლებელთა ინფორმირება მოახდინეს, თუმცა ლექციები სამინისტროს წარმომადგენლებს არ ჩაუტარებიათ.
„შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც ასევე შედის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს და მათზე დასწრება არის ნებაყოფლობითი“ – ნათქვამია სამინისტროს პასუხში.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონიდან მასწავლებლები ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლებიდან სპეციალურად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებული ლექციების მოსასმენად 3, 4 და 6 ივნისს მიიწვიეს. პედაგოგთა ნაწილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრება სავალდებულო იყო, თუმცა, ზუსტი დეტალები ლექციასთან დაკავშირებით, არ ჰქონდათ.
ქუთაისის უნივერსიტეტში, სადაც ღონისძიება ჩატარდა, აცხადებენ, რომ ლექციებს განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი, პროექტი კი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.