ცვლილებები სასკოლო და უმაღლესი განათლების სფეროში. პარლამენტმა განათლების მინისტრს მოუსმინა. გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს მოსალოდნელი რეფორმები გააცნო. ივლისიდან იგეგმება ხელფასების ზრდა პედაგოგებისთვის, რამდენიმე თვეში კი სამინისტრო სასკოლო კვების ახალ პროგრამას დაიწყებს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში უწყებას მთავარ პრეტენზიად უყენებდა. როგორც ირკვევა, პროგრამის ამოქმედებამდე სკოლებში სპეციალური კვლევა ჩატარდა. სიახლეა ისიც, რომ გადაიხედება სასკოლო შეფასების სისტემა. იგულისხმება ჯერ საპილოტე პროექტი, რომელიც სკოლებში დაწყებითი და დამამთავრებელი კლასების ბოლოს მოსწავლეების ცოდნის შესაფასებელი გამოცდების დანერგვას ითვალისწინებს. დაგეგმილია ყველა სასკოლო საგნის სტანდარტის გადახედვა და 2026 წლიდან ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა. ცვლილებებია მოსალოდნელი უმაღლესი განათლების სფეროშიც. მოსმენამ ოპოზიციის დიდი ნაწილის გარეშე ჩაიარა.