განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შეთანხმებული უნდა იყოს ფართო საზოგადოებასთან. ამ მიზნით, სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და შესაბამისი უკუკავშირების შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ვერსიას, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამ დოკუმენტზე იქნება დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი და სახელმძღვანელო.
შეგახსენებთ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.