განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა. თბილისში, ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ განთავსებული სავაჭრო ობიექტის სარდაფში არსებული პანო, რომელიც პოლონელ მხატვრებს, ძმებ ზდანევიჩებს ეკუთვნოდათ, განადგურებულია.
სარდაფი სპეციალისტებმა დაათვალიერეს. კვლევის პროექტის მონაწილე რესტავრატორები ამბობენ, რომ მხატვრობა სრულიად წაშლილია და აღდგენას არ ექვემდებარება. 20 კვ.მ. ფართობის კედელი, რომელზეც ისტორიული პანო იყო განთავსებული, აღარ არსებობს. ადგილზე დღეს კომერციული მაღაზიაა გახსნილი. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.
კომერციული ფართის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფართის შეძენის შემდეგ კედლის მხატვრობა არ დახვედრიათ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტეს, რომ ახლანდელ მფლობელთან ძეგლის დაცვის შესახებ ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელებს სამუშაოების ჩატარების უფლება მაინც არ ჰქონდათ. რესტავრატორები კი პირველადი დათვალიერების შემდეგ აცხადებენ, რომ მხატვრობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.