პროკურატურაში ადვოკატთან ერთად გასაუბრებაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი.
გასაუბრება „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ“ კვლევის შედეგებს ეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, პროკურატურა მათ ხელთ არსებული მასალებითა და ანგარიშის ძირითადი მიგნებებით, ასევე მამხილებელი პირის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა. გიორგი ონიანის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება. მისივე თქმით, პროკურატურა ორგანიზაციის მიერ გადაცემულ მასალებს ტექნიკური პრობლემის გამო ჯერ არ გაცნობია.