პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის მოხვედრა, მოულოდნელი აღმოჩნდა მოკლული თარაშ მუკბანიანის ახლობლებისთვის. გარდაცვლილის ბებია, ნელი ოდიშარია ამბობს, რომ ახლობლებს აუცილებლად ექნებათ მწვავე რეაქცია, თუმცა მათ ფაქტის მოულოდნელობიდან გამომდინარე პოზიცია ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ.
შეწყალებულის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ სამივე სასამართლო ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, რამაზ დევაძე არ იყო დამნაშავე განზრახ მკვლელობაში და პრეზიდენტის შეწყალებით აღდგა სამართლიანობა.
2015 წლის 18 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელბაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.