ეროვნული გალერეა ახალი კოლექციების ყველაზე მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალშეძენილი კოლექციების ახალი, წინა გამოფენებთან შედარებით გაფართოებული ექსპოზიცია მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმებისათვის სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში შეძენილი ექსპონატები, რომლებიც მუზეუმებს ან საერთოდ არ ჰქონდა, ან მათი რაოდენობა არასაკმარისი იყო. 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრებისა და უნიკალური ხელნაწერების გამოფენა 12 მარტამდე გაგრძელდება.